четверг, 30 октября 2014 г.

ნაწყვეტი თალმუდიდან და სახარებიდან .



"სად (იკითხეს ჩვენმა მოგვებმა) უნდა ვეძებოთ მესია? მოვა კი მესია დიდების ღრუბელზე, დიდებულებით შემოსილი და სინათლის გვირგვინით თავზე?" ბაბილონის თალმუდი 82 გვიჩვენებს, რომ რაბი იეჰოშუა ბენ ლევიმ ეს კითხვა დაუსვა თვით წინასწარმეტყველ ელიაჰუს. 

"სად- იკითხა რაბიმ - სად მოვძებნო მესია? "
"ქალაქის კარიბჭესთან" - უპასუხა ელიაჰუმ. 
"როგორ ვიცნობ მას? "
"ის კეთროვნებთან ერთად ზის".
"კეთროვნებთან?" - შესძახა იეჰოშუამ - "რას აკეთებს იქ?"
"ის მათ სახვევებს უცვლის" - უთხრა ელიაჰუმ- "ის მათ ერთი მეორის მიყოლებით უცვლის მათ სახვევებს".  ზუსტად ამ სიტყვებს ამტკიცებს თვით მაცხოვარი სახარებაში (მარკ.2:17) "მკურნალი ჯამრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ.მართალთა კი არა ცოდვილთა მოსახმობად მოვედი"
ეს თითქოს არც ისეთი დიდი საქმეა მესიისთვის, მაგრამ როგორც ჩანს უფლისთვის ეს ძალიან დიდი საქმეა. 
ეს -არის რაბი კრიშნერის ქადაგების დასასარული1995 წელს იომ-კიპურის დღეს სადაც ის არწმუნებდა საკრამენტოელ მსმენელებს, რომ დახმარებოდნენ შიდსით დაავადებულებს. ასე ამბობს რაბი კრიშნერი, "თალმუდის დროს კეთროვანი იტანჯებოდა არა მარტო საკუთარი დაავადების გამო, არამედ გარშემომყოფების სიძულვილისგანაც". ეს ნიშნავდა არა მარტო საშინელი სიკვდილით სიკვდილის არამედ, იმას რომ მან დაიმსახურა ასეთი სიკვდილი. 
ეს იმას ნიშნავს, რომ რაბი იეჰოშუა არამარტო ცდილობდა, რომ დაემსხვრია გავრცელებული შეხედულებები კეთროვნების წინააღმდეგ, არამედ ის ასევე ეწინააღმდეგებოდა თავის კოლეგებს, რომელთა უმრავლესობაც ფიქრობდა რომ კეთროვნები უნდა განედევნათ ხალხმრავალი ადგილებიდან. მიდრაში ყვება, რომ რაბი იონახანი ხშირად ამბობდა: "კეთროვანს არ უნდა მიუახლოვდე მინიმუმ 4 მეტრზე". რაბი ამმი და რაბი ასსაი საერთოდ არც კი უახლოვდებოდნენ იმ ადგილებს სადაც კეთროვნები ცხოვრობდნენ. და რეშ ლაკიშეზე კი საერთოდ ამბობდა რომ როდესაც ის კეთროვანს ხედავდა ქვებს ესროდა და ყვიროდა: "შეწყვიტე ჩვენი დაიმფიცირება, წადი იქ საიდანაც მოხვედი". 
იოსებ ტელუშკინი.
p.s. საინტერესო ის არის რომ ებრაელების მამაპაპის გადმოცემებიც  კი ზუსტად ასახავს მესის ბუნებას 

пятница, 28 февраля 2014 г.

ჩანაწერები დედა ტერეზას დღიურიდან

სიყვარული.
“...‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით”.ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’” (მათე 22:37–39)
როდესაც იესო ჯვარზე კვდებოდა, მან თქვა: „მწყურია.“ იესოს სწყურია ჩვენი სიყვარული და ეს არის თითოეულის წყურვილი – მდიდრისაც და ღარიბისაც. ჩვენ ყველას გვწყურია სხვა ადამიანების სიყვარული.
რას ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, მთელი სულით? ჩვენი ღმერთისადმი სიყვარული არის პასუხი ჩვენდამი ღმერთის უსაზღვრო სიყვარულზე. პირველად ღმერთმა შეგვიყვარა (1 იოან.4:19), იმდენად შეგვიყვარა, რომ გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, იმისათვის, რომ ჩვენ გადავერჩინეთ (იოან.3:16).
ღვთის ძე არა მარტო ერთ-ერთი ჩვენგანი გახდა და მოგვიტანა მშვიდობა და სიხარული, არამედ ის მოკვდა ჯვარზე, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ, როგორ ვუყვარვართ. ის მოკვდა თქვენთვის და ჩემთვის, კეთროვნისთვის, შიმშილით მომაკვდავისთვის, შიშველისთვის, რომელიც შუა ქუჩაში წევს. იესომ გვითხრა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც მან შეგვიყვარა თითოეული ჩვენგანი. იესომ თავისი სიცოცხლე ჩვენდამის სიყვარულის გამო გაიღო. ის ამბობს, რომ ჩვენც უნდა გავიღოთ ყველაფერი, რომ სხვებს სიკეთე და სიყვარული მოვუტანოთ.
სახარებაში იესო ძალიან გარკვევით საუბრობს: „გიყვარდეთ ისე, როგორც მე მიყვარხართ.“ ის მოკვდა ჯვარზე და ამით აღასრულა თავისი მამის ნება, რათა დავინახოთ, რომ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ გავცეთ ყოველივე უფლის ნების აღსასრულებლად – გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც მას ვუყვარვართ.
იმისათვის, რომ გვიყვარდეს ღმერთი, საკმარისი არ არის უბრალოდ თქვა: „მე მიყვარს ღმერთი.“ უპირველესად, მოყვასი უნდა შეიყვარო. ცრუა ის, ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი და არ უყვარს თავისი მოყვასი. როგორ შეგიძლიათ გიყვარდეთ ღმერთი, რომელიც არასოდეს გიხილავთ, თუ არ გიყვართ ისინი, ვისაც ყოველდღე ხედავთ, ვისთანაც ცხოვრობთ და ყოველდღე ხვდებით?
უნდა შეგვეძლოს უფლის სახის დანახვა ყოველ ტანჯულ ადამიანში. ღმერთი ელოდება ჩვენგან, რომ ამოვიცნობთ მას სხვა ადამიანებში. ქუჩაში მომაკვდავები, მიტოვებულები, რომლებიც საზოგადოებისაგან გარიყულნი არიან, გონებრივად ჩამორჩენილნი და კეთროვნები – ეს იესოა ნიღბით. ყველაფერს, რასაც მათთვის გააკეთებთ – გააკეთებთ მისთვის.
შეიყვარე უფალი ისევე, როგორც მას უყვარხარ, ემსახურე მას ისევე, როგორც ის გვემსახურება. იყავი მასთან ყოველდღე, ყოველთვის, როდესაც იცნობ მას ჩვენს ძმებში.
და სამსჯავროზე ის ეტყვის მის მარჯვნივ მდგომთ: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ“ (მათე 25:34–36).
შემდეგ კი, იესო მიუბრუნდება მის მარცხნივ მდგომთ და ეტყვის: „წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ“ (მათე 25:41–43).
აი, რას ამბობენ წმინდა მოციქულ იოანეზე, მასზე, ვინც დაწერა: „ღმერთი არის სიყვარული...“. თავისი სიცოცხლის მიწურულს ის იჯდა თავისი ახალგაზრდა მოწაფეების წრეში და გადმოცემის თანახმად, მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ წამოიძახა უკმაყოფილოდ: „იოანე, შენ ყოველთვის სიყვარულზე საუბრობ, ღმერთის ჩვენდამი სიყვარულსა და ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარულზე. რატომ არ გვიყვები სხვა რამეს? რატომ არ გვესაუბრები სიყვარულის გარდა სხვა რამეზე? მასწავლებელმა, რომელიც, როდესაც თავად ახალგაზრდა იყო და თავს იესოს მიაყრდნობდა ხოლმე მკერდზე, ასე უპასუხა მოწაფეს: „იმიტომ, რომ მეტი არაფერი არსებობს – მხოლოდ სიყვარული....სიყვარული...სიყვარული....“
სიყვარული გრძელი და რთული გზაა. ეს სამსხვერპლო საკურთხეველია. ეს არის ის, რის გამოც დიდი ფასის გადახდა გვიწევს, ეს არის უნარი საკუთარ თავზე უარის თქმისა. სიყვარული არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი უფლის ფერხთა წინაშე წარდგებით. ჩვენი გრძნობები მოდის და ქრება. მისი ჩვენდამი სიყვარული კი უცვლელია. მისი სიყვარული არ მცირდება ჩვენი ცოდვების ან გულგრილობის გამო. ის ყოველთვის მზადაა ამოგვიყვანოს ცოდვისგან, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს ჩვენ და რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს უფალს.

 თარგმნა: თამუნა ბაღდავადძემ


понедельник, 3 февраля 2014 г.

ყვავილუკებიდან წმინდა ფრანჩესკო ასიზელი


ყვავილუკებიდან“
VIII
როგორ განუმარტა გზად მიმავალმა წმინდა ფრანჩესკომ ძმა ლეონეს, რა არის სრული სიხარული.
ერთხელ ზამთარში, როცა წმინდა ფრანჩესკო ძმა ლეონესთან ერთად პერუჯიდან სანტა მარია დელი ანჯელიში მიეშურებოდა და ძლიერი სიცივით იტანჯებოდა, უხმო წინ მიმავალ ძმა ლეონეს და ამგვარად მიმართა: „ძმაო ლეონე, თუმცა უმცროსი ძმები ქვეყნის ყოველ კიდეში წმინდა ცხოვრებისა და კეთილი ქცევის დიდ მაგალითებს იძლევიან, მაინც დაწერე და ბეჯითად აღნიშნე, რომ სრული სიხარული ამქვეყნად არ არსებობს“. და როცა მცირე მანძილი გაიარეს, კვლავ უხმო წმინდა ფრანჩესკომ: „ძმაო ლეონე, თუმცა უმცროსი ძმა თვალს უხელს ბრმებს და ასწორებს კუზიანთ, განდევნის დემონებს და სმენას უბრუნებს ყრუთ, ფეხზე აყენებს მკელობელთა და ალაპარაკებს მუნჯთა და, რაც უმეტესია, ოთხი დღის გარდაცვლილთ აღადგენს, დაწერე, რომ ეს არაა სრული სიხარული“. და მცირე ხნის შემდეგ კვლავ მაღალი ხმით უხმო წმინდა ფრაჩესკომ: „ჰოი, ძმაო ლეონე, უმცროსმა ძმამ რომ იცოდეს ყველა ენა და ყველა მეცნიერება და ყველა წერილი, ისე რომ შეძლოს წინასწარმეტყველება და არა მხოლოდ მომავალ საქმეთა, არამედ კაცთა იდუმალ ზრახვათა განცხადება, არამედ კაცთა იდუმალ ზრახვათა განცხადება, დაწერე, რომ ისიც არაა სრული სიხარული“. და კიდევ მცირე მანძილის გავლის შემდეგ წმინდა ფრანჩესკომ კვლავ უხმო ძლიერად: „ჰოი, ძმაო ლეონე, ცხოვარო ღვთისაო, უმცროსი ძმა რომ ანგელოზთა ენაზე საუბრობდეს და იცოდეს ვარსკვლავთა გზა და მცენარეთა თვისება, ისევე როგორც ცხოველთა და ქვათა და წყალთა, დაწერე, რომ ეს არაა სრული სიხარული“. და როცა კიდევ გაიარეს გზის ერთი მონაკვეთი, კვლავ მაღალი ხმით უხმო წმინდა ფრანჩესკომ: „ჰოი, ძმაო ლეონე, უმცროსმა ძმამ რომ ისეთი ქადაგება იცოდეს და ყველა ურწმუნოს მოქცევა შეძლოს, დაწერე, რომ ესეც არაა სრული სიხარული“.
და რახან ამგვარი საუბარი კარგა ორი მილის მანძილზე გაგრძელდა, ძმა ლეოდემ დიდი განცვიფრებით იკითხა: „მამაო, ღვთის სახელით გევედრებ, მითხრა, რაღაა სრული სიხარული“. და წმინდა ფრანჩესკომ მიუგო: „როცა სანტა მარია ანჯელიში მივალთ წვიმით დასველებულნი და სიცივით გათოშილნი, ტალახით მოსვრილნი და შიმშილით დატანჯულნი და სავანის კარზე დავაკაკუნებთ, კარისკაცი კი გვეტყვის: - „ვინა ხართ“ - ჩვენ კი მივუგებთ: - თქვენი ორი ძმა ვართ. - ის კი იტყვის: - ცრუობთ, რადგან ორი თაღლითი ხართ, ქვეყანას რომ ატყუებთ და უპოვართა მოწყალებას იპარავთ. გასწით, გაგვეცალეთ, - და არ გაგვიღებს და დაგვტოვებს თოვლსა და წვიმაში შემცივნულებსა და მშივრებს, და თუ ჩვენ ეგზომ უბედობას, ეგზომ სისასტიკესა და ამგვარ მოპყრობას ისე დავითმენთ, რომ არ ავღშფოთდებით და არც განვიკითხავთ მას, არამედ მდაბლად ვიფიქრებთ, რომ ეს კარისკაცი ნამდვილად გვიცნობს და ჩვენს წინააღმდეგ მას ღმერთი ალაპარაკებს, ჰოი, ძმაო ლეონე, დაწერე, რომ სწორედ ესაა სრული სიხარული. და თუ მაინც დაჟინებით განვაგრძობთ კაკუნს, ის კი შეწუხებული გამოვა გარეთ და თავხედ ავაზაკთა დარად გაგვაგდებს წყევლა-კრულვითა და მუჯლუგუნებით და დაგვძახებს: გასწით აქედან, უღირსო ქურდბაცაცებო, წადით თავშესაფარში, რადგან აქ არ გაჭმევთ და არც დაგაძინებთო. და თუ ჩვენ ამასაც მოთმინებითა და ხალისით, კეთილი სიყვარულით ავიტანთ, ჰოი, ძმაო ლეონე, დაწერე, რომ ესაა სრული სიხარული. და თუ ჩვენ შიმშილით, სიცივითა და ღამის დაღლილობით იძულებულნი კვლავაც ვაკაკუნებთ, ვიძახებთ და ვთხოვთ ღვთის სახელის ხმობითა და დიდი ტირილით, რათა გაგვიღოს და შეგვიშვას შიგნით, ის კი ადრინდელზე უფრო განრისხებული იტყვის - ესენი მართლაც თავხედი და უკეთურნი ყოფილან მე კი გადავუხდი როგორც ღირსნი არიანო - და გარეთ გამოვა კოჟრიანი კომბლით, თავში დაგვიშენს, მიწაზე დაგვაგდებს, თოვლში გაგვლუმპავს და იმ კოჟრიანი კომბლით უარესად გვცემს, - თუ ჩვენ ყოველივე ამას მოთმინებითა და ხალისით ავიტანთ და კურთხეული ქრისტეს ვნებებს მოვიგონებთ, რაც მისი სიყვარულისთვის უნდა დავითმინოთ, ჰოი, ძმაო ლეონე, დაწერე, რომ ესაა სრული სიხარული. ამიტომაც ისმინე დასკვნა, ძმაო ლეონე. სული წმინდის ყველა მადლსა და ნიჭს შორის, რისი ღირსიც ჰყო ქრისტემ თავისი მეგობრები, უმაღლესია საკუთარი თავის ძლევა და ნებაყოფლობით, ქრისტეს სიყვარულისთვის ტანჯვის, უსამართლობის, შეურაცხყოფისა და უკმაყოფილების დათმენა. რადგან ღვთის ყველა სხვა ნიჭით არ ძალგვიძს ქადილი, რადგან ჩვენი არ არის, არამედ ღვთისაა, რის გამოც ამბობს მოციქული: „ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კაცის ჭურებითა, რათა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან“. მაგრამ ჯვარცმისა და წამების სატანჯველში შეგვიძლია ქადილი, რადგან ამბობს მოციქული: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“.
საქებრად იესუ ქრისტესი და გლახაკისა ფრანჩესკოსი. ამინ.

понедельник, 27 января 2014 г.

ნეტარ ავგუსტინი.

ერთხელ  ნეტარი ავგუსტინე  ოკეანის პირას სეირნობდა და ფიქრობდა, მას  უკვე კარგა ხანია აწუხებდა  ეს ფიქრები... ის  ფიქრობდა  ღმერთზე, მის  სამპიროვან  ბუნებაზე...  როგორ შეიძლება  სამი  სახე  ერთ  პიროვნებაში იყოს გაერთიანებული?!

ამ  ფიქრებში  გართული  მიადგა ადგილს,  სადაც  პატარა  ბავშვი  უცნაურ  რამეს  აკეთებდა:  მას  ამოთხრილი  ჰქონდა  პატარა  ორმო და  შიგ ოკეანიდან  მოტანილ  წყალს  ასხამდა;  სანამ  წყალს  კიდევ  მოიტანდა,  ორმოში  ჩასხმული წყალი  უკვე  დამშრალი იყო,  ბავშვი  კი  დაუზარებლად  და მონდომებით  იმეორებდა  ამ  პროცესს.  გაკვირვებულმა  ავგუსტინემ  ბავშვს  ჰკითხა  თუ  რას  აკეთბდა,  ბავშმა უპასუხა:

- ოკეანე  მინდა  დავატიო  ჩემს  ორმოში.

ავგუსტინემ  ირონიული  ღიმილით  უპასუხა: 

- ეგ  ხომ  შეუძლებელია?!  ამხელა  ოკეანე  ასეთ  პატარა  ორმოში  დატიო - რაზეც  ბავშმა  უპასუხა:  

- განა  შეგიძლია  ღმერთის  უდიდესი  ბუნება  შენს  პატარა  თავში  დატიო?

ავგუსტინე  გაკვირვებული  დარჩა  ასეთი  პასუხით,  წამიერად  თავი  ჩაღუნა და დაფიქრდა;  როდესაც  თავი  ასწია  ბავშვი  და  მისი ამოთხრილი  ორმო  აღარსად  ჩანდა. 


P.S.  ეს  ლეგნდაა  თუ  ნამდვილი  ამბავი  ზუსტად  არ  ვიცი,  მაგრამ  მე  მომწონს  ეს  ისტორია!  შეუძლებელია  ღმერთის  განუსაზღვრელი  ბუნების შეცნობა  ჩვენი  განსაზღვრული გონების  მეშვეობით.   

воскресенье, 22 сентября 2013 г.

კეთილი ადამიანი.


ალბერტ ლეკსი ასუფთავებს და ანახლებს ფეხსაცმელებს პიტსბურგის საბავშვო საავადმყოფოში,უკვე საუკუნის მეოთხედზე  მეტია, 1 წყვილ ფეხსაცმელზე 5$ შოულობს.დღევანდელი დღისთვის,მან საავადმყოფოში მყოფ იმ ბავშვებს,რომელთა მშობლებსაც არ გააჩნიათ ფინანსები მკურნალობის გადასახდელად,200 000$ შესწირა. ქველმოქმედებისთვის ლეკსი თავის მესამედ შემოსავალს სავადმყოფოს საბავშო განყოფილებას ურიცხავს. კლიენტების უმრავლესობა,მას 1$აძლევს,ზოგი კი 2$ და 5$ საც. ის ყვება,რომ ერთ–ერთმა ექიმმა,მას საშობაოდ 50$ კი მისცა. ერთ–რთი ექიმი ამბობს:<<ლეკსი თავის შემოსავალს ბავშვებს იმიტომ სწირავს,რომ ისინი უყვარს. მისი მაგალითი გვეუბნება,თუ როგორ შეუძლია ადამიანს თავისი დაჟინებულობით გადაატრიალოს მთები!>>


                            თარგმნა : T. H.D.

пятница, 19 июля 2013 г.

იიერუსალიმის ცეცხლი სასწაული თუ მითი ?

იიერუსალიმის წმინდა ცეცხლი (ნათელი) და მსახურების სახე-სიმბოლური დეტალები

მინდა ვისაუბრო იმ მოვლენაზე, რომელიც დღეს საზოგადოებაში "ცეცხლის გადმოსვლის" სახელითაა გავრცელებული.

მოკლედ ძირითადი მსახურების შესახებ

წელიწადში ერთხელ, ვნების კვირის დიდ შაბათს განსაკუთრებული მსახურება აღესრულება იერუსალიმში, ქრისტეს მკდრეთით აღდგომის ტაძარში. შუადღის საათებში (დაახ. 12 სთ.) იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც უკან სომეხი მთავარეპისკოპოსი მოყვება, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო მსვლელობით, ლიტანიით, საგალობელთა გალობით სამჯერ გარს უვლის კუვუკლიას, მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. შემდეგ საფლავში შეაბრძანებენ ვერცხლის ლუსკუმაში მოთავსებულ განსკუთრებულ საგანს და კარს ცვილით დალუქავენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი წარმოთქვამს განსაზღვრულ ლოცვას და 33 ან 12 სანთლით ხელში შებრძანდება საფლავში, სადაც წარმოთქვამს საგანგებო ლოცვებს. მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვება, თუმცა იგი იმ ადგილას რჩება, სადაც აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და ახარა მენელსაცხებლე დედებს უფლის ღდგომა (ეს ადგილი გამოყოფილია, უშუალოდ, მაცხოვრის საფლავისაგან). მრევლი კი გალობს "კირიე ელეისონს" (ბერძ. უფალო შეგვიწყალენ), ვიდრე ცეცხლი გამობრძანდება საფლავიდან.

IX-XI სს-ის ხელნაწერები

ამ მსახურების შესახებ მე-19 და მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე აღმოჩენილ იქნა IX-XI სს-ის ცნობები. ესაა იერუსალიმური ტიბიკონის ტექსტები, ე.წ. ლატალისა (მე-9 ს-ის დასაწყისი) და კალის ხელნაწერები (მე-10 ს-ის ბოლო, ან მე-11 ს-ის დასაწყისი).1 უფრო სწორად, ამ ხელნაწერებში ეს მსახურება გადმოცემულია, როგორც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი "დიდი შაბათის" სადღეღამისო მსახურებისა (ამ და სხვა წერილობითი წყაროების შესახებ უფრო ვრცლად იხ. ცნობილი ლიტურგიკოსის ნ. უსპენსკის გამოკვლევა, რომელიც მითითებულია ქვემოთ, შენიშვნებში).

ხსენებული ხელნაწერებიდან ვიგებთ, რომ "წმინდა ცეცხლის" მსახურება ტაძრის ერთგვარი მომზადება იყო აღდგომის ღამისთევისათვის. ამგვარად, მას აქვს პრაქტიკული დანიშნულება და, როგორც ლიტურგიკული მსახურება, იგი ხასიათდება სიმბოლური სახისმეტყველებით. ქვემოთ მე, სწორედ, ამ უკანასკნელის პერსპექტივით მინდა ვისაუბრო და გავამახვილო ყურადღება ამ მსახურების შესახებ.

მსახურების სიმბოლური მეტყველება

როგორც ითქვა, "დიდი შაბათის" მსახურებისას, ვიდრე კუვუკლიას ცვილით დაბეჭდავენ, რის შემდეგაც პატრიარქი საფლავში შესასვლელად ემზადება, შიგნით შეაბრძანებენ განსაკუთრებულ საგანს, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია მოთავსებული, ეს გახლავთ ჩაუქრობელი კანდელი, რომელიც აღდგომის ტაძარში განსაკუთრებულ ადგილას ინახება (იხ. ფოტოები). კანდელის ვერცხლის საფარი ქრისტეს სახვეველის სიმბოლოა, კანდელი მასში ჩაუქრობლად ანთია, თუმცა არ ჩანს, დაფარულია, როგორც ქრისტეს საუკუნო ღვთაებრივი ნათელი, თითქოსდა, დაფარა სიკვდილმა და ის ასე დაასვენეს საფლავად. თქვენ იცით, შეასვენეს რა ქრისტე აკლდამაში, საფლავის კარს ლოდი მიაგორეს. ამგვარადვე, "დიდი შაბათის" მსახურებაში კუვუკლიის კარის ცვილით დაბეჭდვა ქრისტეს საფლავის დალუქვას ასიმბოლოებს. აღსანიშნავია, რომ ის პალესტინელი და მუსლიმი საერო პირები, პალესტინელი პოლიციელები, გარდა იმისა, რომ მათი იქ ყოფნა არაერთმა ისტორიულმა შეხლა-შემოხლამ და დაპირისპირებებმა მოითხოვა, ფარისევლების მიერ ქრისტეს საფლავთან დადგენილ მხედრებს, მცველებს (დარაჯებს) გვახსენებს.

კარის დალუქვის შემდეგ, პატრიარქი განიძარცვავს სამეუფო სამოსს და კვართის ამარა შებრძანდება საფლავში. ამით იგი აცხადებს, რომ უნდა წარუდგეს ერთადერთ ჭეშმარიტ, უზენაეს მეუფეს - ქრისტეს, რომლის წინაშეც იგი იმდაბლებს თავს და ოდენ კვართით შემოსილი შედის წმინდა საფლავში. ამდენად, არასწორ ინტერპრეტაციას, რომ, თითქოს, ამ დროს მიმდინარეობს პატრიარქის "ჩხრეკა", ცხადია, არავითარი კავშირი არ აქვს ობიექტურ სინამდვილესთან.

შებრძანდება რა პატრიარქი საფლავში, სადაც წინასწარ ჩაუქრობელი კანდელია დაბრძანებული, წაიკითხავს საგანგებო ლოცვებს ცეცხლის საკურთხებლად. ეს იმავე სახის კურთხევაა, როგორადაც ნათლისღებას იკურთხება წყალი, როგორც იკურთხება ზეთი და სხვ. ამგვარად, იკურთხება რა საღვთო მადლით ცეცხლი (მატერიალური, ქმნილი ნათელი) პატრიარქი აანთებს 33 (ქრისტეს ასაკი) ან მოციქულთა რაოდენობისამებრ - 12 მსხვილ სანთელს (სავარაუდოთ, ასევე აანთებს საფლავში მდებარე ყველა სხვა კანდელს) და გამოაბრძანებს საფლავიდან. ეს კი იმის სახე-სიმბოლოა, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, გაიხსნა საფლავი და გამოჩნდა "ნათელი ჭეშმარიტი", რომ მისი საფლავიდან ქვეყნიერებას მარადიული, უქმნელი ნათელი გამოუბრწყინდა. 12 სანთელი კი ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა ქადაგებაა, რადგან, სწორედ, მათ ახარეს ქვეყნიერებას იესო ქრისტეს აღდგომა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვიცნობთ დღეს მას "ცეცხლის გადმოსვლის" სახელით, ვრცლად იხილავთ ნ. უსპენსკის იმავე სტატიაში. ძალიან მოკლედ კი იმის თქმა შეიძლება, რომ სხვადასხვა გარემოებათა გამო ამ ფაქტმა არასწორი თვითინტერპრეტაცია გააჩინა ხალხში, ანუ როგორც იტყვიან, "რწმენა გახალხურდა".

მცირე მიმოხილვა, რა ითქმის დღეს

ახლა, მოვყვეთ სხვადასხვა ავტორების კვლევებს, სხვადასხვა იერარქის სიტყვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. დაინტერესებულთათვის, რჩევა იქნება, აუცილებლად გაეცნონ ნ. უსპენსკის მითითებულ სტატიას (იხ. შენიშვნები). იერუსალიმის ცეცხლზე ასევე საუბრობს ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი, 1804-1885 წწ.). თავის დღიურებში იგი ამბობს, რომ იერუსალიმელმა საეკლესიო მსახურებმა, რა თქმა უნდა, იციან სინამდვილე ცეცხლის შესახებ. იგი იხსენებს პატრიარქ ათანასეს, რომელიც მუსლიმთაგან შევიწროების გამო საბერძნეთში ცხოვრობდა, რომ იგი თავის ერთ-ერთ წერილში ამ ცეცხლს არა "წმინდა ცეცხლს", არამედ "კურთხეულ (ნაკურთხ) ცეცხლს" უწოდებს .2 აქვე უნდა ვახსენოთ იერუსალიმის ეკლესიის მიტროპოლიტი კორნელიუსი, მან 2001 წელს ბერძნულ ტელეარხთან ("MEGA", გადაცემა "GКРIZES ZONES") ინტერვიუში თქვა, რომ, როცა წმინდა ცეცხლს ვახსენებთ, "საუბარია ბუნებრივ ცეცხლსა და სინათლეზე, რომელზედაც პატრიარქი განსაკუთრებულ ლოცვებს ამბობს, ანუ ხდება მისი კურთხევა და, ამგვარად, საღვთო მადლს იძენს ბუნებრივი, ქმნილი სინათლე", და რომ "მას ანთებენ ჩაუქრობელი კანდელიდან." - იხსენებს არქიმანდრიტი ისიდორე (რუსეთის სასულიერო მისიის ხელმძღვანელი იერუსალიმში), რომლის ინტერვიუსაც ასევე გაეცნობით ქვემოთ, შენიშვნებში.3

წმინდა ცეცხლზე საუბრობს მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი, რუსეთის ეკლესიის პროტოდიაკონი ანდრია (კურაევი), მას ცეცხლის შესახებ სხვადასხვა წლებში არაერთხელ უსაუბრია, ერთ-ერთ ინტერვიუში კითხვაზე: "სულიწმინდის გმობა მიუტევებელი ცოდვაა, არ გეშინიათ?", იგი პასუხობს: "არა, რადგან ვდუმვარ... მე ველი ეკლესიის ხმას". იგიც აღნიშნავს და, მართლაც, იერუსალიმის ეკლესიას ოფიციალურად არასოდეს განუცხადებია წმინდა ცეცხლზე, რომ, თითქოს, იგი "ზეციდან გადმოდის". დიაკონი ანდრია შენიშნავს, რომ სხვაა "დოგმატი" და სხვაა მომლოცველთა მონათხრობები და მოწმობები. იგი ამბობს, რომ იერუსალიმის ეკლესიას ნამდვილად არ მიუღია უშუალოდ ამ ცეცხლთან დაკავშირებით დოგმატი (იხ. სრულად). წმ. ცეცხლთან დაკავშირებულ სხვა, გვერდით მოვლენებსა და სხვადასხვა თქმულებებზე 2008 წელს კრიტიკოსმა იგორ დაბროხოტოვმა გამოაქვეყნა მცირე გამოკვლევა, სადაც საუბრობს სხვადასხვა ე.წ. სასწაულებსა და ისეთ თქმულებებზე, როგორიცაა მაგ. ლეგენდა "გახეთქილ სვეტზე", თქმულება სომეხი იერარქის საფლავში შესვლასთან დაკავშირებით (იხ. სტატია რუსულ ენაზე).

აღსანიშნავია თავად იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე III-ს განაცხადება. 2011 წლის აღდგომას აეროპორტში სხვადასხვა დელეგაციებისადმი წმინდა ცეცხლის გადაცემისას იგი ამბობს: "უფლის საფლავიდან მომდინარე წმინდა ნათლის ეს ფერიცვალება (ცვლილება, გარდაქმნა) საუკუნო ნათელია ქრისტეს აღდგომისა, რომელიც მოწმობს დიდებას ღვთისას"(ინგ. The transfer from the Holy Sepulchre of the Holy Light is the everlasting light of the Resurrection of Christ, which is the testimony of the glory of God. იხ. ვიდეო და ტექსტური მასალა). აქვე აღვნიშნავ, რომ ბერძნულ სინამდვილეში ეს მოვლენა არა "წმინდა ცეცხლის", არამედ "წმინდა ნათლის" (ბერძ.
Ἃγιον Φῶς) სახელითაა ცნობილი. კარგი იქნება თუ ჩვენთანაც ამგვარად დამკვიდრდება იგი.
ამდენად, "წმინდა ნათელი" სულაც არ გახლავთ ტყუილი, როგორც ზოგიერთს მიაჩნია.

ბოლო სიტყვა

ვფიქრობ, საინტერესო იყო საუბარი. მაგრამ, ახლა მინდა კიდევ ერთ, მნიშვნელოვან მხარეზე გითხრათ მცირედი. მოგეხსენებათ, როგორი რთულია ადამიანში ამა თუ იმ საგანზე, საკითხზე შეხედულებისა თუ წარმოდგენის შეცვლა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სარწმუნოებრივ საკითხებს ეხება. შეამჩნევდით, რომ "წმინდა ნათლისადმი" მორწმუნე საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება საგანგაშოა, რადგან ემსგავსება ცეცხლთაყვანისცემას, შორდება ერთიან ქრისტიანულ სულიერ ტრადიციას, ამა თუ იმ პიროვნებისთვის ხდება რწმენის საფუძველი, რაც ასე მიუღებელია ეკლესიისათვის. ამ უკანასკნელს ხელს უწყობს ხსენებულ საკითხზე სხვადასხვა ქვეყანაში არაინფორმირებული სასულიერო პირების, იერარქების ქადაგებები. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ტელევიზისაც. ერთი სიტყვით, ცეცხლი იქცა კერპად. ეს კი არავითარ შინაგან გარდაქმნას არ ახდენს ჩვენში, რაც ღვთის სასწაულქმედების ერთადერთი მიზეზია. ალბათ, არაერთხელ გინახავთ, როგორ გამორბიან ტაძრიდან ანთებული სანთლებით ხელში კოპტები და არამარტო ისინი, უნებურად ფიქრდები, ვისღა ახსოვს ტაძარი, უფლის საფლავი, გალობა, ლოცვა და ღვთისადმი მადლობის შეწირვა საფლავის წინაშე, საიდანაც მოგვეცა მარადიული სულიერი ნათელი (მესმის, რომ ლოცვა და გალობა ყველგან და ყოველგვარ სიტუაციაშია შესაძლებელი, და დავითიც რომ როკავდა). იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა ერთმანეთს შეხედონ, გაუხარდეთ ქრისტეს მათთან მყოფობა, გაუხარდეთ, რომ ერთად დგანან უფლის ტაძარში და იგრძნონ ერთმანეთისადმი სიყვარული, ისინი კონცენტრირდებიან ცეცხლზე და ივიწყებენ მთავარს. რომ ითქვას, ცეცხლის ზეციდან ჩამოტანა და მისით, ფანატიური მგზნებარებით ქადილი, შეძახილები, რომ "ეს ადასტურებს ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია, სხვები კი სატანის ხელში არიან" და მისთ., გახლავთ სუფთად იუდაისტური მიდგომა. აქვე გავიხსენოთ იაკობისა და იოანეს სიტყვა ქრისტესადმი, როცა იერუსალიმში ბრუნდებოდა უფალი, სადაც მას არ ღებულობდნენ, სადაც საფრთხე ელოდა. მათ უთხრეს ქრისტეს: "უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია მაშინ", უფალი შერისხავს მათ: "არ იცით, რომელი სულისანი ხართ თქვენ?". ამგვარად, ქრისტიანულ ეკლესიას სულ თანს სდევს ქადილი ქრისტეთი, მარადჟამ იქადდა ქრისტეთი ("და ესეცა ჯუარ-ცუმული", I კორინთ. 2:2) და მისი მკვდრეთით აღდგომით, სულაც არაა მისი საქმე "წმინდა ნათლით" სხვათა სარწმუნოების გაკიცხვა და "მოსრვა" სხვადასხვა შეძახილებითა და სიტყვებით. ამისთვის არსებობს აპოლოგეტიკა და, რომ ითქვას, არც ამის საქმეა სხვადასხვა სარწმუნოების შეურაცხყობა, არამედ წმინდად დაცვა, გაწმენდა ქრისტიანული მოძღვრებისა, ყოველგვარი ცილისწამებისა და მინარევებისაგან.

ახლა მივადექით უმნიშვნელოვანეს ნაწილს. მინდა იმ ადამიანებს ვესაუბრო, რომლებმაც სულ ახლახანს, ამ სტატიით შეიტყვეს ახალი ცნობები "წმინდა ნათელის" შესახებ და შინაგანად უკომფორტოდ იგრძნეს თავი ან გაუჩნდათ პროტესტი. მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომელთათვისაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ ეს ცეცხლი არ გადმოდის ზეციდან. და მინდა ვესაუბრო იმ ადამიანებს, რომელთაც არ სწამთ, ესე იგი, არ არიან მორწმუნენი.

სიმშვიდეა ის, რაც ასე გვჭირდება. რადგან სწორედ საკითხში გაცნობიერებულ ადამიანზეა (უფრო კონკრეტულადაც შეიძლება - გაცნობიერებულ მორწმუნეზე) დამოკიდებული იმ ადამიანთა სულიერი მდგომარეობა, რომელთაც, რეალურად, არ გააჩნიათ უერყევი, ნამდვილი სულიერი საფუძველი და რომელთა სულიერი ორიენტირები დარღვეულია, სხვა მხარესაა მიმართული. საკმარისია მცირედი არაკორექტულობა და დიდ ტკივილს მიაყენებთ თქვენს მეგობარს, ახლობელს, ნათესავსა თუ ოჯახის წევრს. შესაძლოა ძლიერ დაუზიანოთ სული, მიაყენოთ დიდი ჭრილობა. ამიტომ, გვმართებს, გონივრული მოქმედება, მშვიდობის სულით გაჯერებული ("თქვენ, ვინც სულიერნი ხართ, განამტკიცეთ ასეთები (საუბარია სუსტებზე) მშვიდობის სულით", გალ. 6:1), სწორედ, ასე უნდა დაიწყოს საზოგადოებამდე ამ ინფორმაციის მიტანა, რაც დაწყებულია კიდეც. თუკი ასე არ მოვიქცევით, ქრისტე განგვსჯის, რადგან ამბობს: "ვინც დააბრკოლებს ერთ ამ ცირეთაგანს, რომელსაც სწამს ჩემი, უმჯობესია მისთვის, რომ წისქვილის დოლაბი დაეკიდოს ქედზე და ზღვის უფსკრულში დაინთქას" (მათე. 18:16)

ვფიქრობ, ჯერ მორწმუნე საზოგადოებიდან "წმინდა ნათლისადმი" ზემოთ აღწერილი არასწორი დამოკიდებულება უნდა გაქრეს, რომ იგი კერპს ემსგავსა. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ "წმინდა ნათელი" არ არის საფუძველი შინაგანი რწმენისა, მით უმეტეს - ქრისტიანული სარწმუნოებისა. და ის, რომ იგი არ გადმოდის ზეციდან, არავითარ პრობლემას არ ქმნის ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობასა და კავშირში. ქრისტიანული სარწმუნოება, ესაა რწმენა ქრისტეს აღდგომისა, ესაა რწმენა ღვთისა მისი მორჩილებით, მისი ნდობით და მასთან შეხვედრის მოლოდინით. ხილულიდან უხილავამდე და მარადიულამდე ამაღლება ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ადამიანის შინაგანი, ქრისტიანული ცხოვრებისა. მარკოზის სახარებაში (თავი 17) წერია, უფალი ამბობს: "არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით", ანუ თანამედროვე ქართულად, "ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ" (ხილულად, გარეგნულდ). თუმცა კი, იერუსალიმის ცეცხლი "წმინდა ნათელია", იგი არაა ღვთის სასუფევლის (არა ძალის) ხილულული გამოვლინება, რათა დედამიწაზევე დარჩეს, არამედ თავისი სიმბოლური მნიშვნელობითა და კურთხევით, მისი მიზნობრივი დანიშნულებაა, აგვამაღლოს ხილულიდან უხილავისკენ და გვიჩვენოს მისი სულიერი მნიშვნელობა - ქრისტეს აღდგომის სინათლე. ამდენად, მიუღებელია სიტყვები "გადმოსული ცეცხლი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტობის დასტურია" და რომ ესაა "მხილება მწვალებელთა" და სხვ. რადგან, როგორც უფალმა თქვა, ღვთის ჭეშმარიტება, მისი სასუფეველი ხილულად, გარეგნულ ფორმებში არ გვევლინება, ღმერთის მეფობა ჩვენში არ მოხდება მატერიალური საგნების მეშვეობით, ისინი მხოლოდ გვეხმარებიან.

რადგან ისტორიულად არამართებულად განვითარდა მოვლენები და თავის დროზე არ (ან ვერ) შეატყობინეს მორწმუნე მრევლს სინამდვილე "წმინდა ნათლის" შესახებ, ამიტომაა დღეს მათდამი, ერთგვარი, პედაგოგიური მეთოდებით მიდგომა საჭირო. ჩვენმა "მკვახე" და "დაუღვინებელმა" სიტყვებმა შესძლოა არაერთი ადამიანი დააბრკოლოს და გაუჩინოს მცდარი დამოკიდებულება ზოგადად ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ე.ი. მძიმედ დაიჭრას სულიერად და ძლიერ დაიტანჯოს. ამიტომ უნდა გამოვიძიოთ, ვის ვუთხრობთ ამ ყოველივეს, შინაგანად როგორი სიძლიერის მქონეა, სულიერი ცხოვრების რაგვარ საფეხურზეა და რის მიღება შეუძლია, რის არა. მათ შესახებ, ვინც ყოველგვარი ტკივილის გარეშე ტოვებს უფალს, უკან მოუხედავად გარბის სარწმუნოებისაგან, აღარაფერს ვიტყვი. რადგან თავიდანვე მცდარი გზით მოვიდნენ და მათი რწმენა არ ეფუძნებოდა ურყევ "კლდეს" - ქრისტეს, მის სარწმუნოებას, ისინი, რეალურად, არასდროს ყოფილან ქრისტიანენი, როგორც ამბობს იოანე კონსტანტინოპოლელი პთავარეპისკოპოსი (ოქროპირი).

ასე რომ, ძვირფასო ადამიანებო (არ აქვს მნიშვნელობა მორწმუნეები ხართ, თუ არა), როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაიგოს სინამდვილე, ამ მსახურების პირვანდელი, რეალური მნიშვნელობა, რაც უნდა მოხდეს დიდი მოთმინებით, სიფრთხილითა და გონიერებით, რომ ტკივილი არ მივაყენოთ ადამიანებს, არ ჩავუკლად ის ცოცხალი ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელ მათი ცხოვრება, ფიქრები, საქმეები და იმედები, რითაც ბედნიერობენ იგინი და ამით არ ვუბოროტთ მათ, თუნდაც რომ არასწორი იყოს მათი რწმენის საფუძველი, რადგან სწორედ ასე მოქმედებდა იესო ქრისტეც (იხ. იოანე 3 და 4-ე თავები). იმედი მაქვს, და ეს ერთგვარი თხოვნაცაა, გაითვალისწინებთ ჩემს ნათქვამს და ყოველგვარი უხეშობის გარეშე, მშვიდობიანად იმოქმედებთ, რაც ნამდვილად გამოიღებს კეთილ ნაყოფს, თქვენთვისაც და მათთვისაც.
ლიტურგიკოსი ნიკოლოზ უსპენსკი
(დავით თინიკაშვილის თარგმანი)
.