понедельник, 3 февраля 2014 г.

ყვავილუკებიდან წმინდა ფრანჩესკო ასიზელი


ყვავილუკებიდან“
VIII
როგორ განუმარტა გზად მიმავალმა წმინდა ფრანჩესკომ ძმა ლეონეს, რა არის სრული სიხარული.
ერთხელ ზამთარში, როცა წმინდა ფრანჩესკო ძმა ლეონესთან ერთად პერუჯიდან სანტა მარია დელი ანჯელიში მიეშურებოდა და ძლიერი სიცივით იტანჯებოდა, უხმო წინ მიმავალ ძმა ლეონეს და ამგვარად მიმართა: „ძმაო ლეონე, თუმცა უმცროსი ძმები ქვეყნის ყოველ კიდეში წმინდა ცხოვრებისა და კეთილი ქცევის დიდ მაგალითებს იძლევიან, მაინც დაწერე და ბეჯითად აღნიშნე, რომ სრული სიხარული ამქვეყნად არ არსებობს“. და როცა მცირე მანძილი გაიარეს, კვლავ უხმო წმინდა ფრანჩესკომ: „ძმაო ლეონე, თუმცა უმცროსი ძმა თვალს უხელს ბრმებს და ასწორებს კუზიანთ, განდევნის დემონებს და სმენას უბრუნებს ყრუთ, ფეხზე აყენებს მკელობელთა და ალაპარაკებს მუნჯთა და, რაც უმეტესია, ოთხი დღის გარდაცვლილთ აღადგენს, დაწერე, რომ ეს არაა სრული სიხარული“. და მცირე ხნის შემდეგ კვლავ მაღალი ხმით უხმო წმინდა ფრაჩესკომ: „ჰოი, ძმაო ლეონე, უმცროსმა ძმამ რომ იცოდეს ყველა ენა და ყველა მეცნიერება და ყველა წერილი, ისე რომ შეძლოს წინასწარმეტყველება და არა მხოლოდ მომავალ საქმეთა, არამედ კაცთა იდუმალ ზრახვათა განცხადება, არამედ კაცთა იდუმალ ზრახვათა განცხადება, დაწერე, რომ ისიც არაა სრული სიხარული“. და კიდევ მცირე მანძილის გავლის შემდეგ წმინდა ფრანჩესკომ კვლავ უხმო ძლიერად: „ჰოი, ძმაო ლეონე, ცხოვარო ღვთისაო, უმცროსი ძმა რომ ანგელოზთა ენაზე საუბრობდეს და იცოდეს ვარსკვლავთა გზა და მცენარეთა თვისება, ისევე როგორც ცხოველთა და ქვათა და წყალთა, დაწერე, რომ ეს არაა სრული სიხარული“. და როცა კიდევ გაიარეს გზის ერთი მონაკვეთი, კვლავ მაღალი ხმით უხმო წმინდა ფრანჩესკომ: „ჰოი, ძმაო ლეონე, უმცროსმა ძმამ რომ ისეთი ქადაგება იცოდეს და ყველა ურწმუნოს მოქცევა შეძლოს, დაწერე, რომ ესეც არაა სრული სიხარული“.
და რახან ამგვარი საუბარი კარგა ორი მილის მანძილზე გაგრძელდა, ძმა ლეოდემ დიდი განცვიფრებით იკითხა: „მამაო, ღვთის სახელით გევედრებ, მითხრა, რაღაა სრული სიხარული“. და წმინდა ფრანჩესკომ მიუგო: „როცა სანტა მარია ანჯელიში მივალთ წვიმით დასველებულნი და სიცივით გათოშილნი, ტალახით მოსვრილნი და შიმშილით დატანჯულნი და სავანის კარზე დავაკაკუნებთ, კარისკაცი კი გვეტყვის: - „ვინა ხართ“ - ჩვენ კი მივუგებთ: - თქვენი ორი ძმა ვართ. - ის კი იტყვის: - ცრუობთ, რადგან ორი თაღლითი ხართ, ქვეყანას რომ ატყუებთ და უპოვართა მოწყალებას იპარავთ. გასწით, გაგვეცალეთ, - და არ გაგვიღებს და დაგვტოვებს თოვლსა და წვიმაში შემცივნულებსა და მშივრებს, და თუ ჩვენ ეგზომ უბედობას, ეგზომ სისასტიკესა და ამგვარ მოპყრობას ისე დავითმენთ, რომ არ ავღშფოთდებით და არც განვიკითხავთ მას, არამედ მდაბლად ვიფიქრებთ, რომ ეს კარისკაცი ნამდვილად გვიცნობს და ჩვენს წინააღმდეგ მას ღმერთი ალაპარაკებს, ჰოი, ძმაო ლეონე, დაწერე, რომ სწორედ ესაა სრული სიხარული. და თუ მაინც დაჟინებით განვაგრძობთ კაკუნს, ის კი შეწუხებული გამოვა გარეთ და თავხედ ავაზაკთა დარად გაგვაგდებს წყევლა-კრულვითა და მუჯლუგუნებით და დაგვძახებს: გასწით აქედან, უღირსო ქურდბაცაცებო, წადით თავშესაფარში, რადგან აქ არ გაჭმევთ და არც დაგაძინებთო. და თუ ჩვენ ამასაც მოთმინებითა და ხალისით, კეთილი სიყვარულით ავიტანთ, ჰოი, ძმაო ლეონე, დაწერე, რომ ესაა სრული სიხარული. და თუ ჩვენ შიმშილით, სიცივითა და ღამის დაღლილობით იძულებულნი კვლავაც ვაკაკუნებთ, ვიძახებთ და ვთხოვთ ღვთის სახელის ხმობითა და დიდი ტირილით, რათა გაგვიღოს და შეგვიშვას შიგნით, ის კი ადრინდელზე უფრო განრისხებული იტყვის - ესენი მართლაც თავხედი და უკეთურნი ყოფილან მე კი გადავუხდი როგორც ღირსნი არიანო - და გარეთ გამოვა კოჟრიანი კომბლით, თავში დაგვიშენს, მიწაზე დაგვაგდებს, თოვლში გაგვლუმპავს და იმ კოჟრიანი კომბლით უარესად გვცემს, - თუ ჩვენ ყოველივე ამას მოთმინებითა და ხალისით ავიტანთ და კურთხეული ქრისტეს ვნებებს მოვიგონებთ, რაც მისი სიყვარულისთვის უნდა დავითმინოთ, ჰოი, ძმაო ლეონე, დაწერე, რომ ესაა სრული სიხარული. ამიტომაც ისმინე დასკვნა, ძმაო ლეონე. სული წმინდის ყველა მადლსა და ნიჭს შორის, რისი ღირსიც ჰყო ქრისტემ თავისი მეგობრები, უმაღლესია საკუთარი თავის ძლევა და ნებაყოფლობით, ქრისტეს სიყვარულისთვის ტანჯვის, უსამართლობის, შეურაცხყოფისა და უკმაყოფილების დათმენა. რადგან ღვთის ყველა სხვა ნიჭით არ ძალგვიძს ქადილი, რადგან ჩვენი არ არის, არამედ ღვთისაა, რის გამოც ამბობს მოციქული: „ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კაცის ჭურებითა, რათა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისა და არა ჩუენგან“. მაგრამ ჯვარცმისა და წამების სატანჯველში შეგვიძლია ქადილი, რადგან ამბობს მოციქული: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“.
საქებრად იესუ ქრისტესი და გლახაკისა ფრანჩესკოსი. ამინ.

Комментариев нет:

Отправить комментарий