სიყვარული.
“...‘შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი
შენი გულით,
მთელი შენი
სულით და
მთელი შენი
გონებით”.ეს
არის პირველი და დიდი
მცნება.
და მეორე ამის
მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი,
როგორც თავი
შენი.’” (მათე
22:37–39)
როდესაც იესო ჯვარზე
კვდებოდა, მან თქვა: „მწყურია.“ იესოს სწყურია ჩვენი სიყვარული და ეს არის
თითოეულის წყურვილი – მდიდრისაც და ღარიბისაც. ჩვენ ყველას გვწყურია სხვა
ადამიანების სიყვარული.
რას ნიშნავს,
გიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, მთელი სულით? ჩვენი ღმერთისადმი სიყვარული არის
პასუხი ჩვენდამი ღმერთის უსაზღვრო სიყვარულზე. პირველად ღმერთმა შეგვიყვარა (1
იოან.4:19), იმდენად შეგვიყვარა, რომ გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, იმისათვის,
რომ ჩვენ გადავერჩინეთ (იოან.3:16).
ღვთის ძე არა მარტო
ერთ-ერთი ჩვენგანი გახდა და მოგვიტანა მშვიდობა და სიხარული, არამედ ის მოკვდა
ჯვარზე, რომ ეჩვენებინა ჩვენთვის, თუ, როგორ ვუყვარვართ. ის მოკვდა თქვენთვის და
ჩემთვის, კეთროვნისთვის, შიმშილით მომაკვდავისთვის, შიშველისთვის, რომელიც შუა
ქუჩაში წევს. იესომ გვითხრა, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც მან შეგვიყვარა
თითოეული ჩვენგანი. იესომ თავისი სიცოცხლე ჩვენდამის სიყვარულის გამო გაიღო. ის
ამბობს, რომ ჩვენც უნდა გავიღოთ ყველაფერი, რომ სხვებს სიკეთე და სიყვარული
მოვუტანოთ.
სახარებაში იესო
ძალიან გარკვევით საუბრობს: „გიყვარდეთ ისე, როგორც მე მიყვარხართ.“ ის მოკვდა
ჯვარზე და ამით აღასრულა თავისი მამის ნება, რათა დავინახოთ, რომ ჩვენც მზად უნდა
ვიყოთ გავცეთ ყოველივე უფლის ნების აღსასრულებლად – გვიყვარდეს ერთმანეთი ისე,
როგორც მას ვუყვარვართ.
იმისათვის, რომ
გვიყვარდეს ღმერთი, საკმარისი არ არის უბრალოდ თქვა: „მე მიყვარს ღმერთი.“ უპირველესად,
მოყვასი უნდა შეიყვარო. ცრუა ის, ვინც ამბობს, რომ უყვარს ღმერთი და არ უყვარს
თავისი მოყვასი. როგორ შეგიძლიათ გიყვარდეთ ღმერთი, რომელიც არასოდეს გიხილავთ, თუ
არ გიყვართ ისინი, ვისაც ყოველდღე ხედავთ, ვისთანაც ცხოვრობთ და ყოველდღე ხვდებით?
უნდა შეგვეძლოს
უფლის სახის დანახვა ყოველ ტანჯულ ადამიანში. ღმერთი ელოდება ჩვენგან, რომ ამოვიცნობთ
მას სხვა ადამიანებში. ქუჩაში მომაკვდავები, მიტოვებულები, რომლებიც საზოგადოებისაგან
გარიყულნი არიან, გონებრივად ჩამორჩენილნი და კეთროვნები – ეს იესოა ნიღბით.
ყველაფერს, რასაც მათთვის გააკეთებთ – გააკეთებთ მისთვის.
შეიყვარე უფალი
ისევე, როგორც მას უყვარხარ, ემსახურე მას ისევე, როგორც ის გვემსახურება. იყავი
მასთან ყოველდღე, ყოველთვის, როდესაც იცნობ მას ჩვენს ძმებში.
და სამსჯავროზე ის
ეტყვის მის მარჯვნივ მდგომთ: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ“ (მათე 25:34–36).
შემდეგ კი, იესო
მიუბრუნდება მის მარცხნივ მდგომთ და ეტყვის: „წადით
ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და
მისი ანგელოზებისათვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და
არ მასვით, უცხო
ვიყავი და
არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და
არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და
საპყრობილეში და
არ მომინახულეთ“ (მათე 25:41–43).
აი, რას ამბობენ
წმინდა მოციქულ იოანეზე, მასზე, ვინც დაწერა: „ღმერთი არის სიყვარული...“. თავისი
სიცოცხლის მიწურულს ის იჯდა თავისი ახალგაზრდა მოწაფეების წრეში და გადმოცემის
თანახმად, მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ წამოიძახა უკმაყოფილოდ: „იოანე, შენ ყოველთვის
სიყვარულზე საუბრობ, ღმერთის ჩვენდამი სიყვარულსა და ჩვენი ერთმანეთისადმი
სიყვარულზე. რატომ არ გვიყვები სხვა რამეს? რატომ არ გვესაუბრები სიყვარულის გარდა
სხვა რამეზე? მასწავლებელმა, რომელიც, როდესაც თავად ახალგაზრდა იყო და თავს იესოს
მიაყრდნობდა ხოლმე მკერდზე, ასე უპასუხა მოწაფეს: „იმიტომ, რომ მეტი არაფერი
არსებობს – მხოლოდ სიყვარული....სიყვარული...სიყვარული....“
სიყვარული გრძელი და
რთული გზაა. ეს სამსხვერპლო საკურთხეველია. ეს არის ის, რის გამოც დიდი ფასის
გადახდა გვიწევს, ეს არის უნარი საკუთარ თავზე უარის თქმისა. სიყვარული არის ერთადერთი
გზა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი უფლის ფერხთა წინაშე წარდგებით. ჩვენი გრძნობები
მოდის და ქრება. მისი ჩვენდამი სიყვარული კი უცვლელია. მისი სიყვარული არ მცირდება
ჩვენი ცოდვების ან გულგრილობის გამო. ის ყოველთვის მზადაა ამოგვიყვანოს ცოდვისგან,
რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს ჩვენ და რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს უფალს.
თარგმნა: თამუნა ბაღდავადძემ

